თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის საქართველოს დამსახურებული არტისტის, ეთერ კაკულიას სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა.
მომღერალი 26 ივნისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეთერ კაკულიას სახელი დაერქმევა, თუმცა კერძოდ, რომელს, ამ ეტაპზე ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ეს „თბილისობის“ დღესასწაულზე მოხდება“, – განაცხადეს თბილისის მერიის პრეს-სამსახურში.
საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე საკრებულომ უნდა მიიღოს.
ეთერ კაკულია 1948 წელს დაიბადა. ის თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრში მღეროდა, რომელსაც ს. ტუღუში ხელმძღვანელობდა. 1964 წლიდან კაკულია თბილისის ფილარმონიის სოლისტი და ამავდროულად, სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ მომღერალი გახდა. ეთერ კაკულიას რეპერტუარი ორასამდე სიმღერას ითვლიდა.
ეთერ კაკულია დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ კი 2014 წლის 29 ნოემბერს მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.