თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე 2015 წლის 1 ივლისიდან გადასახადის ”შერეული სისტემა” შემოდის.
თამბაქოს ნაწარმზე აქციზი განისაზღვრება როგორც რაოდენობის და წონის მიხედვით, ისე საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით. ამასთან, იცვლება აქციზის გადახდის წესი.
კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის აქციზებით დასაბეგრი ოპერაციების, აქციზური საქონლის იმპორტის და ექსპორტის თანხა განისაზღვრება რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით.
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 24 02 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ჯამი. აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება ამ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1 იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 2014 წლის დეკემბერში მიიღო.
2015 წლის 1 იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერი) აქციზის განაკვეთი 0,15 ლარით გაიზარდა და 0,9 ლარი შეადგინა, ხოლო უფილტრო სიგარეტზე (20 ღერი) – 0,05 ლარით გაიზარდა და 0,25 ლარი შეადგინა. ლარის მიმდინარე კურსი აშშ დოლართან მიმართებით არის — 1 აშშ დოლარი — 2,25 ლარი.
ინფორმაციის თანახმად, მიღებული შესწორებების მიზანია თამბაქოს ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დანერგვა, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.