თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ბილეთების გაყიდვა უეფას სუპერთასის მატჩზე „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის შემდეგ კვირას დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სსფ) პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ გიორგაძემ განაცხადა.
„ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს უეფასთან. დღეს დაზუსტდება ყველა დეტალი — რომელი რიცხვიდან შემოვა ბილეთები გაყიდვაში, რომელ სალაროებში იქნება შესაძლებელი მათი შეძენა, რა ფორმით გაიყიდება 6 ათასი ბილეთი, რომელიც უცხოელი მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი“, განაცხადა გიორგაძემ.
მისი თქმით, ბილეთების ფასი არ შეიცვლება. ისინი გაიყიდება 18, 35 და 75 ლარად.
30 ივნისს biletebi.ge-მ უეფას სუპერ თასის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო, 12 საათის მანძილზე, საქართველოსთვის გამოყოფილი 24 ათასი ბილეთიდან, მხოლოდ 2063 ბილეთი გაიყიდა. გვიან საღამოს, სსფ-სა და უეფას შორის კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ biletebi.ge წყვეტს გაყიდვებს და მათი რეალიზაცია სალაროებიდან მოხდება.