თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის 2 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, საქართველოში ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მომსახურე პერსონალისა და მონაწილე პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების მიზნით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ამის შესახებ თბილისის მერიის ოფიციალური გვერდი იუწყება.
დამატებითი მარშრუტები დაინიშნა მეტროსადგურ,,ახმეტელის თეატრიდან“ მუხიანის დასახლებაში არსებული N175 საჯარო სკოლისა და მეტროს სადგურ,,ვარკეთილიდან“ მე–3 მასივში არსებული N117 საჯარო სკოლის მიმართულებით. ასევე დამატებითი მოძრავი შემადგენლობა იქნა გათვალისწინებული მეტროს სადგურ,,დელისიდან“ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის N13 მარშრუტზე. დამატებითი მარშრუტები 06:30 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ.
გარდა ამისა, დედაქალაქში სხვადასხვა საგამოცდო ცენტრებამდე დროულად გადაადგილების მიზნით, ამჟამად მოქმედ №14, 21, 24, 51, 140, 150 მარშრუტებზე განისაზღვრა დამატებითი მოძრავი შემადგენლობები.
რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, 2-3 ივლისს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ გამოცდებს. 6-7 ივლისს — ზოგად უნარებში, 8-10 ივლისს კი უცხო ენაში — ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული. ზემოთ ჩამოთვლილი ის აუცილებელი საგნებია რომელთა ჩაბარება აბიტურიენტებს მოუწევთ.
შემდეგია მომავალი პროფესიის მაპროფილებებლი საგნები: გეოგრაფია — 13 ივლისი, ისტორია —14 ივლისი, მათემატიკა —15 ივლისი, ფიზიკა — 16 ივლისი, ლიტერატურა — 17 ივლისი, სამოქალაქო განათლება — 20 ივლისი, ბიოლოგია - 21 ივლისი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება — 21 ივლისი, ქიმია — 22 ივლისი.
გარდა ამისა, 9-დან 17 ივლისამდე ჩატარდება სამაგისტრო გამოცდები: 9 ივლისი — წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A, C); 10 ივლისი — ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A, C); 16 ივლისი — წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი — B); 17 ივლისი — ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი — B).
სახელმწიფო დაფინანსების მიღების მსურველ სტუდენტთათვის საგრანტო კონკურსი 20 ივლისს ჩატარდება.