თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 2015-2016 სასწავლო წლისთვის თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციას პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები გაივლიან, განაცხადა ოთხშაბათს, 1 ივლისს ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება საბავშვო სახლების ბენეფიციარების, სპეციალური საჭიროებების მქონე და იმ ბავშვების დარეგისტრირება, ვისი და ან ძმაც უკვე ჩარიცხულია კონკრეტულ საბავშვო ბაღში.
მეორე ეტაპზე, რომელიც 8 ივლისს დაიწყება, ყველა დანარჩენი ბავშვი დარეგისტრირდება. ამასთან, ახალი სასწავლო წლისთვის ქალაქს ოთხი ახალი საბავშვო ბაღი ექნება.
სულ წელს საბავშვო ბაღები 10 ათასამდე ბავშვის მიღებას შეძლებენ.
ელექტრონული რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე მიმდინარეობს.