თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ რუსეთის გადაწყვეტილებას შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოსვლის შესახებ არაჰუმანური უწოდა. შეთანხმება სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით თავისუფლებააღკვეთილი პირების გადაცემას ეხება. რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უკვე წარუდგინა. ეს შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის 1996 წლის მარტში გაფორმდა.
„ეს კვლავ ის მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომელსაც რუსეთი მრავალი წლის მანძილზე ეწევა. მე ვიტყოდი, რომ ეს აგრესიული პოლიტიკაა, ამ შემთხვევაში ეს არაჰუმანურიცაა“, — განაცხადა კერესელიძემ ოთხშაბათს, 1 ივლისს ჟურნალისტებთან საუბარში.
თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად დაასახელა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი არ უნდა დააზარალოს.