თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკში დამანგრეველის წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც მისი ბინადრების ნახევარზე მეტის სიცოცხლე შეიწირა, პირველი მატებაა – კეთილშობილ კავკასიურ ირემს შვლის ნუკრი შეეძინა, იუწყება ზოოპარკის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ოთხშაბათს, 1 ივლისს.
„გუშინ, 30 ივნისს ჩვენთან მდედრი კეთილშობილი ირემი დაიბადა. მისი დედა, ჩვენი კეთილშობილი ირმის, ყვიყვის „მეუღლე“, აზერბაიჯანელი რძალია, რომელიც შარშან მივიღეთ საჩუქრად ბაქოს ზოოპარკისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ზოოპარკში განმარტეს, შვლის ნუკრს პირრა დაარქვეს და ეს შემთხვევითი არ არის.
„ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის მიერ მოვლენილი წარღვნის შემდეგ, გადარჩნენ მხოლოდ მამრი — დევკალიონი და მდედრი — პირრა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ადამიანების ახალ რასას და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენი პირრაც ახალი ზოოპარკის შექმნის საწყისი ნიშანი იქნება“, – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია.
თბილისის ზოოპარკი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად ახორციელებს პროგრამას, რომელიც კეთილშობილი კავკასიური ირმების ტყვეობაში გამრავლებასა და შემდეგ მათ ველურ ბუნებაში გაშვებას ითვალისწინებს.
„ამას ზოოპარკში დაბადებული პატარა პირრა ჩაუყრის საფუძველს“, – აღნიშნულია განცხადებაში.