თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურა იძულებით გადაადგილებული 56 ოჯახის საქმეს შეისწავლის, რომლებმაც ერთდროულად ბინებიც მიიღეს და კომპენსაციებიც. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ოთხშაბათს, 1 ივლისს განაცხადა.
რვა შემთხვევაში კომპენსაცია და ბინა ერთსა და იმავე პიროვნებაზე გაიცა, დანარჩენ შემთხვევებში — ოჯახის სხვადასხვა წევრებზე.
გარდა ამისა, პროკურატურა შეისწავლის კიდევ 23 ოჯახის საქმეს, რომელთაც იძულებით გადაადგილებულის სტატუსი უკანონოდ მიიღეს.
”სარეგისტრაციო კომისიამ მიიჩნია, რომ შესაძლოა, აღნიშნული შემთხვევები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ამიტომ ეს საქმეები მოკვლევისთვის საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა”, — განაცხადა რეხვიაშვილმა ბრიფინგზე.