თბილისი, 30 ივნისი — Sputnik.ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდება, 30 ივნისი კი ხელნაწერის დღედ დაწესდება, ამის შესახებ სამშაბათს, 30 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური იტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ზაზა აბაშიძესთან შეხვედრაზე მიიღეს.
დღეს გახლავთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის იუბილე და გამოვდივართ ინიციატივით, რომ 30 ივნისი დაწესდეს ხელნაწერების დღე და მოგვეცემა საშუალება საზოგადოებასთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღესასწაული," — განაცხადა თამარ სანიკიძემ.
შეხვედრაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის სქემა განიხილეს, რაც ახალ დებულებას, გაზრდილ სახელფასო განაკვეთებს და სტრუქტურულ საშტატო განრიგს მოიცავს. ასევე საუბარი შეეხო ცენტრისთვის შენობის გამოყოფის საკითხს.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრს ის პრობლემური საკითხები გააცნო, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს თანამშრომლებს.
„ყველაზე პრობლემური არის შენობის საკითხი. ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ყველაზე მეტად პრემიერის მოწონება დაიმსახურა წინადადებამ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განთავსდეს ყოფილი ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში. არ მგონია, ვინმე შეეწინააღმდეგოს ამ აზრს, რომ ხელნაწერთა ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია განთავსდეს უნიკალურ შენობაში“,- თქვა აბაშიძემ.
კიდევ ერთი საკითხი შეჯერდა შეხვედრაზე. შეიქმნება ხელნაწერთა დაცვის სახელმწიფო ფონდი, რომლის დამფუძნებელი სახელმწიფო იქნება.
„ეს ფონდი მოახდენს აკუმულირებას თანხების, რათა მომავალში ჩვენ დამოუკიდებლად შევძლოთ ხელნაწერთა შენარჩუნება, მათი შესწავლა და გამოცემა, — განაცხადა აბაშიძემ.