თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორ ნიკ გურთან (Nick Gurr) შეხვედრაზე სამშაბათს, 30 ივნისს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძე და სხვა ოფიციალური პირები.
„მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ სტუმარს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა“,- იტყობინება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
მინისტრმა ხიდაშელმა ნიკ გურს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით ბრიტანელი მრჩევლის მოვლინების თაობაზე მადლობა გადაუხადა. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია.
საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხო გარემო იყო. ბრიტანელმა სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი სამხედროების წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.