თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, მიგრაციის მენეჯმენტი და ტრეფიკინგის საკითხები განიხილა.
ბელგიის დელეგაცია საქართველოში თეა წულუკიანის მოწვევით ჩამოვიდა. დელეგაციას სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში თეო ფრანკე (Theo Francken) ხელმძღვანელობს. ამის შესახებ სამშაბათს, 30 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
”თეა წულუკიანმა ბელგიის დელეგაციას ის სიახლეები გააცნო, რაც მიგრაციის სფეროს რეგულირებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. საუბარი შეეხო საემიგრაციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და უსაფრთხო დოკუმენტებთან დაკავშირებულ აქტივობებს”, — აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, 2013 წლიდან ქვეყანას აქვს მიგრაციის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაშიც, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მონაწილეობდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 2014 წლიდან კი ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს კანონებში − „მოქალაქეობის შესახებ“ და „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“; მიმდინარე წლიდან კი პარლამენტმა მიიღო კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“.
ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ორ ძირითად პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, ესენია — ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები, რაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე უნდა მოგვარდეს.
ბელგიის დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან. დაგეგმილია ვიზიტები საგარეო საქმეთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებში.