თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მას შემდეგ, რაც სამძებრო სამუშაოებისთვის მდინარე მტკვარში წყლის დონე დაწიეს, სამშაბათს, 30 ივლისს მდინარის კალაპოტში მაშველებმა მკვდარი დათვი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სამშაბათს, 30 ივნისს განუცხადა.
უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოსაძებნად და მტკვრის კალაპოტის დასუფთავების მიზნით, ”ორთაჭალჰესის” წყლის რეზერვების შემცირება ორშაბათს ღამით დაიწყო. თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
”თბილისის მერიის სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ, რათა უშუალოდ მდინარის კალაპოტიდან ამოიღონ ლითონის კონსტრუქციები, ხის მორები და გაიწმინდოს კალაპოტი… ძაღლების გარდა, ასევე დათვის ლეშია ნაპოვნი”, — განაცხადა ნარმანიამ.
სამძებრო სამუშაოები, პარალელურად, ქვემო ქართლშიც – ქალაქ რუსთავიდან წითელ ხიდამდე მიმდინარეობს, განაცხადა შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა.
”სამუშაოებში დამატებითი ძალებია მობილიზებული, მათ შორის საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი. ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც თბილისის მერიამ გამოგვიყო”, — აღნიშნა ქაწაშვილმა.
14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანდა სხვადასხვა ნაგებობები, დაინგრა ინფრასტრუქტურა. დაიტბორა და თითქმის განადგურდა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, წყალდიდობას უამრავი ცხოველი შეეწირა.