თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ორგანო დაძლევს ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესწორებებზე აპირებს. შესწორებების თანახმად, ეროვნულ ბანკთან ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს შექმნა იგეგმება.
ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს შექმნა 1 აგვისტოდან იგეგმება. ის არც ერთ ორგანოს და თანამდებობის პირს არ დაექვემდებარება, მაგრამ ეროვნული ბანკის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის ნაწილი იქნება. შესწორებები პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტმა 27 ივნისს მიიღო.
”ბევრი შენიშვნა ჩასწორებულ ვარიანტში გათვალისწინებულია, რომელიც უკვე მეორე მოსმენისთვის იქნება წარდგენილი… რა თქმა უნდა, ვეტოს დაძლევას შევძლებთ”, — განაცხადა მეჭიაურმა სამშაბათს, 30 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც მანამდე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ზემოაღნიშნული შესწორებები მიზანშეწონილი არაა და ისინი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს არღვევს. მისი თქმით, ვეტო დაედება ყველა კანონპროექტს, რომელიც ”ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას რაიმე სახის ზიანს მიაყენებს”.