თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო იტყობინება, რომ აჭარის შავ ზღვაზე დამსვენებლების ჯანმრთელობისთვის ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა.
ასეთი დასკვნა შავი ზღვის სანაპიროზე რვა სხვადასხვა წერტილში აღებული წყლის სინჯების გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა. წყლის ლაბორატორიული კვლევა 6 მაჩვენებელზე ტარდება: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები — კოლინდექსი, ლაქტოზა — დადებითი ნაწლავის ჩხირები, კოლიფაგები, ფეკალური სტრეპტოკოკები, ოქროსფერი სტაფილოკოკები და პათოგენები — მიკროორგანიზმები.
”ლაბორატორიული კვლევებით ზღვის წყლის ხრისხობრივი მაჩვენებელი მთელს პერიმეტრზე არის დამაკმაყოფილებელი. უფრო მეტიც, მიმდინარე წელს გაცილებით უკეთესია ზღვის წყლის ხარისხი, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო. საუკეთესო მდგომარეობა კი სარფსა და კვარიათშია", — განაცხადა აჭარის გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა ნუგზარ პაპუნიძემ ტელეკომპანია ”ტვ 25”-ის ეთერში.
მან ასევე აღნიშნა, რომ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო შავი ზღვის ნაპირებზე წყალს თვეში სამჯერ შეამოწმებს და შედეგებს საზოგადოებას ამცნობს.