თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ბრიტანეთის პოლიცია ტუნისში მომხდარი ტერაქტის შემდეგ და ლონდონის ტერაქტებიდან ათი წლისთავის წინ, ლონდონში ანტიტერორისტულ წვრთნებს ატარებს, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” სკოტლანდ-იარდის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
”პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურები ოლდვიჩის რაიონში შეიარაღებული ტერორისტების გამოგონილი შეტევის პირობებში სათანადოდ მოქცევის წესებს შეიმუშავებენ. წვრთნებში დაახლოებით ათასი პოლიციელი და სხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. წვრთნების გამო ლონდონის ცენტრში ქუჩების ნაწილი გადაიკეტება”, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა.
სკოტლანდ-იარდი აღნიშნავს, რომ წვრთნები რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა და ტუნისში არსებული ვითარების გამო არ ტარდება, სადაც სასტუმროში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ბრიტანეთისთვის ტერორისტულ საფრთხეს კვლავ არსებითად მიიჩნევს, სპეცსამსახურებს ტერაქტის მზადების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია არ გააჩნიათ.
”ჩვენ საკუთარ თავს ვამოწმებთ. წვრთნები ჩვენთვის და სხვა სპეცსამსახურებისთვის გამოწვევაა. ის რაიმე დაზვერვითი სახის ინფორმაციას არ ეყრდნობა, ახლა ჩვენ რეაგირებას იმაზე ვახდენთ, რაც შევიტყვეთ. წვრთნები დიდი ხნის წინ დავგეგმეთ”, — დასძინა ლონდონის პოლიციის უფროსის მოადგილემ მაქსინ დე-ბრიუნერმა.
2005 წლის 7 ივლისს ლონდონში მომხდარ ტერაქტს 54 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 700-ზე მეტი დაიჭრა.