მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

AGRI-ს მონაწილე ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

© photo: Sputnik / Vitaliy Savelyev / გადასვლა მედიაბანკშიბუქარესტი
ბუქარესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი AGRI ითვალისწინებს არსებული მილსადენით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ეს გაზი გათხევადდება და ტანკერებით რუმინეთის პორტ კონსტანცაში გადაიგზავნება.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. თხევადი გაზის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდება მარშრუტით აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი (Azerbaijan-Georgia-Romania Interconnection (AGRI) ”სამხრეთის გაზის დერეფნის” ნაწილია. ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ბუქარესტში AGRI-ს თხევადი გაზის პროექტის მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკაზე პასუხისმგებელი სამინისტროების წარმომადგენელთა შეხვედრის შედეგების მიხედვით მიიღეს. ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) იუწყება.

პროექტი AGRI აზერბაიჯანული თხევადი გაზის საქართველოს და შავი ზღვის გავლით რუმინეთში გატანას გულისხმობს.

შეხვედრის ფარგლებში შედგა სამუშაო სესიები, დისკუსიები პროექტის სამომავლო პერსპექტივებზე, მის იმპლემენტაციასა და AGRI-ს როლზე რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე შეხვედრის მონაწილეთათვის ბრიტანულმა კომპანიამ PENSPEN AGRI-ს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე პრეზენტაცია გამართა.   

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC), აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და რუმინულმა კომპანიამ Romagaz 2010 წლის სექტემბერში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას და პროექტ AGRI-ს რეალიზებას ითვალისწინებს.

პროექტი AGRI ითვალისწინებს არსებული მილსადენით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ეს გაზი გათხევადდება და ტანკერებით რუმინეთის პორტ კონსტანცაში გადაიგზავნება.

2010 წელს აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და საქართველომ ბუქარესტში ხელი მოაწერეს თხევადი აირის წარმოების და მისი ტრანსპორტირების სფეროში ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტში მხარეებმა აღნიშნეს, რომ აპირებენ კასპიის რეგიონის ევროპასთან დამაკავშირებელი ენერგოტრანზიტული დერეფნის განვითარებას; გარდა ამისა, მხარეებმა მიიღეს რუმინული მხარის წინადადება ბუქარესტში კომპანიის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლების შემუშავება და ტექნიკური, ტექნოლოგიური, ფინანსური და სამართლებრივი ასპექტების განსაზღვრა იქნება. 

AGRI-ს მონაწილე ქვეყნები AGRI-ს პროექტით ევროპაში აზერბაიჯანული თხევადი გაზის მიწოდების სამ ვარიანტს განიხილავენ. ეს ვარიანტები ყოველწლიურად ერთი, ხუთი ან რვა მლრდ კუბომეტრის მოცულობის მიწოდებას ითვალისწინებს. პროექტის რეალიზაციის ვარიანტის შერჩევაზე იქნება დამოკიდებული პროექტში კაპიტალდაბანდების მოცულობაც — 1,2-დან 4,5 მლრდ ევრომდე.

2011 წლის თებერვალში ბუქარესტში გამართულ მინისტერიალზე ხელი მოეწერა  ”AGRI-ს პროექტთან დაკავშირებულ ერთობლივ დეკლარაციას”, სადაც უნგრული კომპანია MVM შეიყვანეს AGRI-ს აირის გათხევადების პროექტის რეალიზაციის კომპანიების შემადგენლობაში.

 


ყველა ახალი ამბავი
0