თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სხდომა 24-25 აგვისტოს თბილისში გაიმართება. მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის მსვლელობისას, იმსჯელებენ ბანკის საწყისი კაპიტალის თაობაზე, ასევე გაეცნობიან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორშაბათს, 29 ივნისს, ბანკის მინისტერიალის სხდომაზე იქნა მიღებული, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ესწრებოდა.
29 ივნისს, ქ. პეკინში ხელი მოეწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა.
სადამფუძნებლო შეთანხმების ხელმოწერის მომენტისთვის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს 57 დამფუძნებელი წევრი ქვეყანა ჰყავს. საქართველო ბანკის 45-ე დამფუძნებელი ქვეყანაა.
ახალი საფინანსო ინსტიტუტის ამოქმედება სწორედ წლის ბოლოსთვის იგეგმება. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისაკენ ორიენტირებული ბანკის სათაო ოფისი პეკინში განთავსდება. საწესდებო კაპიტალი 100 მილიარდ დოლარს შეადგენს.