თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტის ქვედა პალატა) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შემდეგ დოკუმენტი სენატს გადაეგზავნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკემა დავით კერესელიძემ ორშაბათს, 29 ივნისს.
„ამით რატიფიკაციის პროცესი არ დასრულებულა. ეროვნულმა ასამბლეამ დოკუმენტი სენატს უნდა გადაუგზავნოს, რის შემდეგაც დადგინდება შეთანხმების სენატში განხილვის თარიღი“, − განაცხადა კერესელიძემ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ქართული მხარე მიესალმება საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას.
„ვიმედოვნებთ, რომ ფრანგული მხარე დროულად დაასრულებს დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესს“, − აღნიშნა კერესელიძემ.
საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირები სშეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილიც თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ ხელშეკრულებაა, 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში მოეწერა ხელი.