თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა რაიმონდ გრაუბემ (Raimonds Graube), რომელიც თბილისში იმყოფება, 29 ივნისს რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და სამომავლო ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიელ გენერალს საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია“, − ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამხედრო განათლების საკითხებში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.
გრაუბემ ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების წვლილის შესახებ საერთაშორისო ოპერაციებში, განსაკუთრებით კი ავღანეთის მისიაში „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ (Resolute Support).
ლატვიის ეროვნული შიარაღებული ძალების სარდალმა მოლაპარაკება გამართა საქარათველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ვახტანგ კაპანაძესთან. ამის შემდეგ გრაუბე გმირთა მოედანზე მივიდა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.