თბილისის, 28 ივნისი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, გუნდურ შეჯიბრში, ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ფინალური შეჯიბრი ფრანგი ძიუდოისტების გუნდთან, ქართველთა დამარცხებით, ანგარიშით 1:4 დასრულდა.
ტატამზე პირველი ამირან პაპინაშვილი და ლოიკ კორვალი გავიდნენ. ორივე სპორტსმენი უკვე იდგა კვარცხლბეკზე ბაქოში. პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო 60 კგ–მდე წონით კატეგორიაში, ხოლო კორვალმა ვერცხლი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში. კორვალმა ფინალის პირველი ორთაბრძოლა იპონით მოიგო.
მეორე წყვილად (-73 კგ) ნუგზარ ტატალაშვილი და პიერ დიუპრა შეხვდნენ ერთმანეთს. ორთაბრძოლის ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა, ხოლო დამატებით დროში ფრანგმა ე.წ. „ოქროს ქულა“ მოიგო და დამატებითი ქულა თავისი გუნდისათვის. საფრანგეთის გუნდს კი ოქროს მედალი 2013 წლის ჩემპიონმა ლოიკ პიეტრიმ (-81კგ) ავთანდილ ჩრიკიშვილის დამარცხებით მოუტანა. სირილ მერესთან ორთაბრძოლა ასევე წააგო მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა.
ერთადერთი მოგება თავის აქტივში ვარლამ ლიპარტელიანმა ჩაიწერა, რომლის მოწინააღმდეგე – ალექსანდრ იდირი საერთოდ არ გამოჩნდა ტატამზე.
ეს ვერცხლის მედალი მეექვსე გახდა საქართველოს გუნდის ყულაბაში. გარდა ამისა, ბაქოს ევროპულ თამაშებზე, ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 2 ოქროს და 8 ბრინჯაოს მედალი. ამ მიღწევაში დიდი წვლილი სწორედ ქართველ ძიუდოისტებს მიუძღვით. მათ ანგარიშზე 6 მედალია — 2 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს.