თბილისი, 27ივნისი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა ბაქოს ევროპული თამაშების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, საქარველოსთვის მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. 100 კგ-ზე მეტი წონით კატეგორიის ფინალურ ორთაბრძოლაში, ოქრუაშვილმა არც ერთი შანსი არ დაუტოვა ირაელის წარმომადგენელს სასონ ორუს.
ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე, ქართველმა მძიმეწონოსანმა მოუგო პოლონელ მაჩიეჟ სარნაცკის, თანაგუნდელ ლევან მათიაშვილს და ლიტველ მარიუს პასკევიჩუსს.
ვერცხლის მედალი შემატა ქართულ გუნდს ვალერი ლიპარტელიანმა. ქართველი ძიუდოისტი 90 კგ-მდე წონით კატეგორიის ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუს კირილ დენისოვთან წააგო.
ერთი დღით ადრე, ძიუდოისტმა ავთანდილ ჩრიკიშვილმა 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში რუს ივან ნიფონტოვს მოუგო და საქართველოს ნაკრებს ბაქოს ევროპულ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
თამაშების ბოლო დღეს, ძიუდოისტები მედლების კიდევ ორი კომპლექტისათვის იბრძოლებენ — გუნდურ შეჯიბრში ქალთა და მამაკაცთა შორის.
დღევანდელი წარმატებებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების მედლების საერთო რაოდენობა ბაქოს ევროპულ თამაშებზე 15–მდე გაიზარდა — 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მეოცე ადგილზე გადაინაცვლა.