ოდესაში შესვლის აკრძალვა: „ევრაზიული არჩევანი“ სააკაშვილს ადანაშაულებს

გამოწერა
მამუკა ზანდუკელი 24 ივნისს არ შეუშვეს ოდესაში, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო უკრაინელი ჟურნალისტების დაკავების წინააღმდეგ გამართულ აქციაში.

ოდესაში უკრაინელი ჟურნალისტების დაკავების წინააღმდეგ გამართულ აქციაში საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობა არ შედიოდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ წევრმა მამუკა ზანდუკელმა „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა ზანდუკელი 24 ივნისს არ შეუშვეს ოდესაში, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო უკრაინელი ჟურნალისტების დაკავების წინააღმდეგ გამართულ აქციაში. კოალიციაში აცხადებენ, რომ ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოპონენტების მიმართ იმავე მეთოდებს მიმართავს, როგორსაც მიმართავდა საქართველოს პრეზიდენტობის დროს.

„ოდესაში დაგეგმილი იყო უკრაინელი ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა დააკავა. ოდესაში მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. საქართველოდან მიწვეული იყო ჩვენი ორგანიზაცია. პირადად მე გავემგზავრე ოდესაში, მაგრამ როცა ჩავედი, ყოველგვარი მიზეზისა და განმარტებების გარეშე არ მომცეს უფლება, დამეტოვებინა აეროპორტის ტერიტორია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოდან ჟურნალისტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩასვლა ოდესაში არ შედიოდა სააკაშვილის ინტერესებში, რადგან ძალიან დიდი იყო დაინტერესება უცხოელი ჟურნალისტების მხრიდან. ამიტომ ვთვლით, რომ უშუალოდ სააკაშვილმა გასცა განკარგულება, რათა ღონისძიებას არ დასწრებოდა სტუმარი საქართველოდან“, – განაცხადა ზანდუკელმა.

კოალიცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ, თავის მხრივ, აღნიშნული ფაქტი შეაფასა როგორც არადემოკრატიული მოქმედება და საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა უკრაინაში.

ყველა ახალი ამბავი
0