თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისის N7 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეს-სამსახური პარასკევს, 26 ივნისს იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 25 ივნისს სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებიდან თვითდაზიანების გამო სამი მსჯავრდებული გ. ბ. გ. გ. და ბ. ო. კლინიკა „ლანცეტში“ გადაიყვანეს.
„ოპერატიული ინფორმაციით, მოცემული მსჯავრდებულები კრიმინალური სუბკულტურისკენ არიან მიდრეკილები და თვითდაზიანება მიიყენეს მას შემდეგ, რაც მათ უარი ეთქვათ სხვა, სასურველ დაწესებულებაში გადაყვანაზე…მსჯავრდებულები თავიანთი არალეგიტიმური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხშირად მიმართავენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას და ამ გზით ცდილობენ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას. სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია და ვიმეორებთ, რომ მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საკითხი სასჯელღასრულების ადმინისტრაციის პრეროგატივაა და ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა ვერავინ, მათ შორის ვერც მსჯავრდებული“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, ორი მათგანი ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებას უკვე დაუბრუნდა. მესამე მსჯავრდებული ჯერჯერობით კლინიკაში რჩება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, ის დაუბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილს.