თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა, რომ ისერის დეპარტამენტში მდებარე ქარხანაზე თავდასხმა ტერაქტი იყო, რომლის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაიჭრა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ოლანდმა ასევე განაცხადა, რომ დაკავებული ეჭვმიტანილის შესაძლო თანამონაწილეზე ძებნაა გამოცხადებული.
ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:00 საათზე, ისერის დეპარტამენტის პატარა ქალაქ სენ-კენტენ-ფალავიეში მდებარე ქარხანაზე თავდასხმა მოხდა. საწარმოში მზადდება და აირით იტენება გაზის ბალონები. ამიტომ, როდესაც ტერორისტი ქუჩაში მდგარ ბალონებს ავტომანქანით შეეჯახა, აფეთქება მოხდა.
„ეჭვსგარეშეა, რომ ტერორისტს აფეთქების მოწყობა ჰქონდა განზრახული. ეს ტერაქტი იყო“, – განაცხადა ოლანდმა პრესკონფერენციაზე ბრიუსელში.
მან ასევე დაადასტურა, რომ ტოვებს ევროკავშირის სამიტს და მიემგზავრება პარიზში, რათა საფრანგეთის უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაატაროს.