თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშეს, ხუან ხოსე ეჩანოვეს (Juan Jose Echanove) „ოქროს საწმისის" ორდენი გადასცა, იუწყება პრემიერის პრეს–სამსახური პარასკევს, 26 ივნისს.
„ხუანს მართლაც დიდი წვლილი აქვს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში და ის პროგრესი და შედეგები, რაც დღეს არის ამ სექტორში მისი დამსახურებაცაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი სიტყვებით, 2012 წლიდან დღემდე ხუან ეჩანოვე პირადად უწევს დახმარებას საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას, შესრულების მონიტორინგს და აქტიურად თანამშრომლობს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებთან, ისე ფერმერებთან, კოოპერატივების წევრებთან და ატარებს მხარდამჭერ კამპანიას სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხუან ხოსე ეჩანოვე აქტიურად იყო ჩართული სოფლის მუერნეობის დარგის სტრატეგიის შემუშავებაში და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის დონორთა კოორდინაციისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის ევროპული ქვეყნებიდან მხარდაჭერისა და დონორთა მოზიდვის საქმეში.