თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რომელიც უკრაინელი ჟურნალისტების დაკავების საწინააღმდეგოდ იმართებოდა, ოდესის ახალი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში არ შედიოდა, განაცხადა არასამათავრობო ორგანიზაციების კოალიცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ წევრმა მამუკა ზანდუკელმა „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში პარასკევს, 26 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
კოალიციაში აცხადებენ, რომ ოდესის ახალი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოპონენტების წინააღმდეგ ისეთ მეთოდებს იყენებს, რომლებიც საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს იყო დანერგილი.
„გუშინ ოდესაში დაგეგმილი იყო უკრაინელი ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია, რომლებიც სააკაშვილმა დააკავა. მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩასულები ოდესაში. მეც წავედი ოდესაში, მაგრამ იქ ჩაფრენილს, ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა-განმარტების გარეშე არ მომცეს აეროპორტის ტერიტორიის დატოვების საშუალება. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოდან ჟურნალისტის ან არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩასვლა ოდესაში არ შედიოდა სააკაშვილის ინტერესებში, ვინაიდან დიდი იყო ინტერესი უცხოელი ჟურნალისტების მხრიდან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილმა გასცა პირდაპირი ბრძანება, რომ საქართველოდან არავინ მოხვედრილიყო აქციაზე“, – განაცხადა ზანდუკელმა.
ეს ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ თავმჯდომარემ, არჩილ ჭყოიძემაც შეაფასა და თქვა, რომ ეს არადემოკრატიული ქმედება და უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა იყო.
„მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ოდესაში, არ შეუშვა ათზე მეტი უფლებადამცველი და ჟურნალისტი არა მარტო საქართველოდან, არამედ ევროპის ისეთი ქვეყნებიდანაც, როგორებიცაა: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი. ისინი არ შეუშვეს იმიტომ, რომ მათ არ მისცემოდათ უკრაინელი ჟურნალისტების მხარდაჭერის საშუალება, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ არიან დაკავებულნი. ეს არადემოკრატიული ქმედებაა. დღეს მე ევროკავშირის წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში უხეშად ირღვევა ჟურნალისტთა უფლებები. ის, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, ახლოსაც არ დგას დემოკრატიასთან. ეს დიქტატურაა“, – მიაჩნია ჭყოიძეს.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრი ზომები უნდა გაატაროს, რათა უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაცული იქნას.
მანამდე კოალიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „უკრაინაში, კერძოდ, ოდესის ოლქში, ოფიციალური კიევისგან განსხვავებული მოსაზრებების გამო, უკრაინელი ჟურნალისტები არტიომ ბუზილა და ელენა გლიშჩენსკაია არიან დაკავებულნი“.
„დამტკიცებულია, რომ ბუზილას წინააღმდეგ გამოყენებულია წამება და არაადამიანური მოპყრობის სხვა მეთოდები“, – ნათქვამია განცხადებაში.