თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ქართველებისთვის სულ ერთი არ არის ის, რაც უკრაინაში ხდება, ვინაიდან მათ ყველაზე უკეთ ესმით ჩვენი, განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში ვასილი ციბენკომ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პარასკევს, 26 ივნისს.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„ქართველებისთვის სულ ერთი არაა, თუ შეიძლება ასე ითქვას ის, რაც უკრაინაში ხდება. მათთვის ყველაფერი ნაცნობია და გასაგები. ამ კრიტიკულ, უმძიმეს პირობებში, რომელშიც ახლა იმყოფება ჩემი ქვეყანა, ჩვენი არავის ესმის ისე, როგორც ქართველებს. ამას სხვათა საწყენად არ ვამბობ. ეს ნამდვილად ასეა, ვინაიდან ეს უბედურებები მათთვის ნაცნობია და ჯერ ისევ ცოცხლობს მრავალი ქართველის გულსა და გონებაში“, – განაცხადა ელჩმა.
ციბენკოს თქმით, იმ ექვსი წლის განმავლობაში, რომლის მანძილზეც ხელმძღვანელობდა ის უკრაინის დიპლომატიურ მისიას საქართველოში, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ბიზნესის, კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის, ჯანდაცვის სფეროებში და ასევე ადამიანთა შორის, სწრაფად ვითარდებოდა.
2009 წელს საქართველოს უკრაინის 48 ათასი მოქალაქე ეწვია, ხოლო 2014 წელს ვიზიტორთა რაოდენობა 148 ათასამდე გაიზარდა. მნიშვნელოვნად მოიმატა ავიარეისების რაოდენობამ საქართველოსა და უკრაინას შორის. დღეს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით რეგულარულად ხორციელდება ფრენები კიევიდან, ოდესიდან, ხარკოვიდან და დნეპროპეტროვსკიდან. უახლოეს მომავალში ამ ჩამონათვალს დაემატება ქალაქი ლვოვიც.
„ეს იმას მოწმობს, რომ ადამიანთა შორისი კონტაქტები, კავშირები – რაც ძალზე მნიშვნელოვანია – ვითარდება“, – განაცხადა ციბენკომ.
ელჩის განცხადებით, მის წინაშე მდგომი ყველა ამოცანა, მათ შორის, ახალი საელჩოს აშენება, შესრულებულია.
ციბენკო საქართველოს, სავარაუდოდ, ივლისში დატოვებს. „პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან“ ასეთია მათი მისია, დიპლომატებიც ჩამოდიან და მიემგზავრებიან, ადამიანები კი რჩებიან“, – აღნიშნა მან.
ვინ დაინიშნება უკრაინის ახალ ელჩად საქართველოში, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.