თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა (სფფ) და უეფა-ს შორის გამართული ხანგრძლივი ვიდეო-კონფერენციის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გვერდი biletebi.ge არ იქნება 11 აგვისტოს, თბილისში „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის დაგეგმილი უეფას სუპერ თასის მატჩის ბილეთების ექსკლუზიური გამყიდველი.
სფფ-ს წარმომადგენლები პარასკევს უეფაში გადაგზავნიან წერილს, რომელშიც მითითებული იქნება ბილეთების გაყიდვის რამდენიმე ვარიანტი. არ არის გამორიცხული, რომ ბილეთების რეალიზაცია გადანაწილდება რამდენიმე კომპანიაზე. მოსალოდნელია, რომ ამ პროცესში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერთვება. წინასწარი ინფორმაციით ბილეთების გაყიდვა მომავალ კვირას დაიწყება.
biletebi.ge — ს წარმომადგენლებმა ასევე უნდა აუხსნან უეფას რატომ წარმოიშვა მსგავსი ტექნიკური პრობლემები ვებ გვერდზე და 48 საათის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა მათი აღმოფხვრა.
„ერთი ვარიანტით, ქართველო გულშემატკივრებზე გათვლილი ბილეთების ქვოტა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაიყიდება, ხოლო უცხოელი გულშემატკივრები ბილეთებს ცალკე შეიძენენ. მას შემდეგ, რაც უეფა სფფ-საგან მიიღებს ე.წ. „საკომუნიკაციო სტრატეგიას“, ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანო ბილეთების გაყიდვის დაწყებას მწვანე შუქს აუნთებს“ — განაცხადა სფფ-ს პრეს-ცენტრის წარმომადგენელმა ეკა ელოშვილმა.
რაც შეეხება ბილეთების რაოდენობას, ქართველ გულშემატკივართა წილზე 24 ათასი ბილეთი მოდის. კიდევ 6 ათასი უცხოელებზეა გათვლილი.
უეფას სუპერ თასის მატჩზე ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დილის 9 საათზე უნდა დაწყებულიყო ვებ-გვერდ biletebi.ge-ზე. მაგრამ გვერდის სერვერმა ვეღარ გაუძლო მსურველთა უზარმაზარ რაოდენობას და მოიშალა. 23 ივნისს სფფ-ს, უეფა-ს და biletebi.ge-ს შორის ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, ამ უკანასკნელს 48 საათიანი ვადა მიეცა წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. დღეს, მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, biletebi.ge —მ მაინც ვერ შეძლო გვერდის ამუშავება და ბილეთების ონლაინ გაყიდვების დაწყება.