თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტიის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტში, არ აპირებენ ხმა მისცენ კანონპროექტს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესწორებების შეტანის თაობაზე, რომელიც ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. შესწორებების თანახმად, იურიდიული სამართლის პირთან — ეროვნულ ბანკთან, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნა 1 ივლისიდან იგეგმება. ახალი სტრუქტურის ძირითადი ფუნქცია ფინანსური სტაბილურობისა და საფინანსო სექტორის გამჭვირვალეობისათვის ხელშეწყობა უნდა გახდეს.
„ეს კანონპროექტი დაანგრევს საბანკო სისტემას. ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე სავალუტო ფონდმა და სხვა ჩვენმა პარტნიორებმა… ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა, რომ მან შეძლოს საბანკო სექტორის დამორჩილება და მასზე ზეწოლის მოხდენა. ამიტომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ კანონპროექტს,“ — განაცხდა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სერგო რატიანმა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იგი განაგრძობს ქვეყნის მართვას კულისებიდან.
მანამდე, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ახალი კანონპროექტის კომენტირებისას განაცხდა, რომ ქვეყანაში ეროვნული ბანკის არაარგუმენტირებული დაქუცმაცების პროცესი მიდის. მისი თქმით, განსახილველი ცვლილებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ექსპერტების, ბიზნეს-ასოციაციებისა და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს. პრეზიდენტის მრჩეველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლა საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.