თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ნატო და უკრაინა რუსეთის პროპაგანდას ფაქტებით შეეწინააღმდეგებიან, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატოს თავდაცვის მინისტრების კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვის წარმოთქმისას, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„რაც შეეხება კომუნიკაციას, ყველანი ვთანხმდებით, რომ ნატო და უკრაინა რუსეთის პროპაგანდას არა უფრო მეტი პროპაგანდით, არამედ ფაქტებით დაუპირისპირდებიან, რათა საბოლოოდ სიმართლემ გაიმარჯვოს. პროპაგანდასთან გამკლავების საუკეთესო მეთოდი – ეს ფაქტების წარმოდგენაა“, – აღნიშნა გენმდივანმა.
„ჩვენ ვმუშაობთ უკრაინასთან, რათა გავაძლიეროთ ქვეყნის კომუნიკაციური შესაძლებლობები და ეს უკრაინისთვის პრაქტიკული დახმარების გაზრდის ნაწილი გახლავთ. გარდა ამისა, ჩვენ ყოველდღე ვავრცელებთ განცხადებებს, როცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ფაქტებს წარმოვადგენთ“, – თქვა სტოლტენბერგმა.
ნატო–ში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლობის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას ასევე განაცხადა, რომ „მინისტერიალზე ხაზი გაესვა ნატოს ტენდენციას რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალისხმევის გაძლიერებისადმი“.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა თავის მხრივ პირობა დადო, რომ 750 ათას გირვანქა სტერლინგს გამოყოფს ნატოსა და მის პარტნიორ-ქვეყნებს შორის სტრატეგიული კომუნიკაციების უზრუნველყოფის მხარდასაჭერად. ამასთან დაკავშირებით, მინისტრმა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების დარგში ბრიტანელი ექსპერტის გაგზავნის თაობაზეც ისაუბრა, განაცხადა პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ აღნიშნავდა, რომ ევროკავშირი მედია–საშუალებებისთვის თავისუფალი მუშაობის არეალს იმით ავიწროვებს, რომ კვლავაც აბუქებს მითს რუსული პროპაგანდის შესახებ. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მიერ შემუშავებული „კრემლის პროპაგანდის საწინააღმდეგო სტრატეგია“ აშკარად მიმართულია საერთაშორისო მედია–სივრციდიან რუსეთის გამოძევებისკენ.
ნატოს მიზნები და ამოცანები
1949 წლის მოლაპარაკების შესაბამისად, ნატოს მთავარი ამოცანა – ეს მისი წევრი-სახელმწიფოების თავისუფლებისა და უსაფრთხოების პოლიტიკური თუ სამხედრო საშუალებებით დაცვაა. ნატო მოკავშირეებისთვის მათი საერთო ფასეულობების – დემოკრატიის, პიროვნების თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და დავების მშვიდობიანი გადაჭრის – დაცვის გარანტია და ასევე ხელს უწყობს ამ ღირებულებების გავრცელებას ევროატლანტიკურ რეგიონში. ნატო გვევლინება ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი კონსულტაციების ფორუმად. ეს ის საკითხებია, რომლებიც საყოველთაო შეშფოთებას იწვევს და რომელთა გადასაჭრელადაც ერთობლივი ქმედებებია აუცილებელი.
ორგანიზაციის მიზანი ევროატლანტიკურ რეგიონში საკუთარი წევრების კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლავთ. ერთ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა მთლიანად კავშირზე. ნატოს წესდების თანახმად, ის ღიაა ახალი წევრების მისაღებად თუ სახელმწიფოს ძალუძს განავითაროს შეთანხმების პრინციპები და საკუთარი წვლილი შეიტანოს კოლექტიურ უსაფრთხოებაში.