თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ნატოს საწვრთნელი ცენტრი, სადაც ალიანსის წევრი – ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მოემზადებიან, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 2015 წლის სექტემბრამდე გაიხსნება, განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ხუთშაბათს, 25 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა იმ ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში იგეგმება, რომლებიც ქვეყანას ალიანსის წევრობისკენ სწრაფვაში ეხმარება და რომელიც ნატოს უელსის 2014 წლის სამიტზე დაამტკიცეს.
„მიმდინარეობს სამუშაოები, უკვე ძალიან ბევრია გაკეთებული. ჩვენ არ გადავაცილეთ დადგენილ ვადებს. ის კი არა, შეიძლება უფრო ადრეც გავხსნათ ეს ცენტრი. მისი მშენებლობა, რაღა თქმა უნდა, გაგრძელდება. არც ერთი ლოკაცია იარსებებს და არც ერთი კონკრეტული შენობა“, – განაცხადა კაპანაძემ.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როცა საქართველო პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიურად წარიმართა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტზე დამტკიცდა, რომ საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრები გახდებიან იმ შემთხვევაში, თუ ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.