თბილისის წყალდიდობისას დაზარალებულები კომპენსაციით უკმაყოფილონი არიან

გამოწერა
სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებს 21 ივნისს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შეხვდა და განუცხადა, რომ სახელმწიფო თითოეული დაზარალებულისთვის 20 ათასი ლარს გამოყოფს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ვერეს ხეობაში წყალდიდობისგან ყველაზე მეტად დაზარალებული გივი სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებმა საკუთარი უფლებების დასაცავად კომიტეტის შექმნა გადაწყვიტეს. ისინი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული კომპენსაციის თანხით უკმაყოფილონი არიან.

სვანიძის ქუჩის მოსახლეობის ინტერესებს კომპანია ”მართლმსაჯულების სახლის” იურისტები უანგაროდ დაიცავენ. კომპანიის ოფისში გუშინ უკვე გაიმართა კომიტეტის პირველი სხდომა.

ორგანიზაციის დირექტორის ბეჟან ბეჟუაშვილის განცხადებით, 21 ივნისს სვანიძის ქუჩის მოსახლოებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შეხვდა და განუცხადა, რომ სახელმწიფო თითოეული დაზარალებულისთვის 20 ათასი ლარს გამოყოფს. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამდენივე თანხა მიიღეს ეკომიგრანტებმა აჭარაში და მათთვის ეს თანხა საკმარისი აღმოჩნდა.

”რბილად რომ ვთქვათ, სუბარი რეალობასაა მოწყვეტილი. სახლები ლეჩხუმსა და ხულოში და დედაქალაქის ცენტრში — მათ ერთნაირი ფასი ექნებათ? ვინ გადაწყვიტა, რომ 20 ათასი ლარი დანგრეული სახლების აღსადგენად საკმარისია? ხელისუფლების წარმომადგენლის ასეთმა წინადადებამ პროტესტი გამოიწვია”, — განაცხადა ბეჟუაშვილმა.

მისი თქმით, სვანიძის ქუჩის მოსახლეობას ეკითხებიან თუ რატომ აშენებდნენ სახლებს ვერეს ხეობაში მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობებზე ნებართვების გაცემა 1950 წლიდან მიმდინარეობდა.

თბილისში წყალდიდობა 14 ივნისის ღამით მოხდა. დაიღუპა 19 ადამიანი, სამი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, ”მზიური” და სხვა. 


ყველა ახალი ამბავი
0