მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„დიდი ძმა გისმენთ“ - აშშ საფრანგეთის პრეზიდენტების საუბრებს 6 წელი უსმენდა

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პორტალ WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები საფრანგეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებს უსმენდნენ. WikiLeaks-ის მონაცემებით, ეროვნული უშიშროების სააგენტო უსმენდა ჟაკ შირაკის, ნიკოლა სარკოზის და ფრანსუა ოლანდის სატელეფონო საუბრებს.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ახალი ცნობები იმის თაობაზე, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო საფრანგეთის სამი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრებს უსმენდა, ფრანგულ მედიაში „ბომბივით“ გავრცელდა და უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში მღელვარება გამოიწვია, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. მოსმენებთან დაკავშირებულ სკანდალზე ინფორმაციას პირველ გვერდებზე აქვეყნებს ყველა ცენტრალური და რეგიონული გაზეთი, ხოლო ტელე და რადიო ეთერი დილიდან მოქმედი და გადამდგარი პოლიტიკოსების კომენტარებით არის გაჯერებული, რომლებიც აღშფოთებულნი და განაწყენებულნი არიან ოკეანისგაღმელი მოკავშირის ასეთი არამეგობრული და უცერემონიო საქციელის გამო.

Franceleaks

სკანდალის ახალი ტალღის აგორების საბაბი თავისი სკანდალური მხილებებით ცნობილი პორტალ WikiLeaks-ის მიერ მოძიებული პუბლიკაცია გახდა. გრიფით „სრულიად საიდუმლოდ“ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ამერიკული სპეცსამსახურები, სულ მცირე 2006-2012 წლებში მათი მობილური ტელეფონების მოსმენის საშუალებით უთვალთვალებდნენ საფრანგეთის პრეზიდენტებს — ჟაკ შირაკს, ნიკოლა სარკოზის და ფრანსუა ოლანდს. უფრო მეტიც, ისმინებოდა მთელი რიგი მინისტრების, მაღალჩინოსნების და დიპლომატების, მათ შორის საფრანგეთში აშშ-ის ელჩის საუბრებიც.

ეროვნული უშიშროების სააგენტომ მონაცემთა შეკრების საფუძველზე რამდენიმე მოხსენება მოამზადა, რომელშიც სახელმწიფოს მეთაურების ესა თუ ის ქმედებებია აღწერილი. მაგალითად, დოკუმენტების თანახმად, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან პირველი შეხვედრის შემდეგ ოლანდს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ის საბერძნეთის „მიტოვებას“ აპირებს და ათენის მიმართულებით „აღარასდროს წავა“. საფრანგეთის პრეზიდენტი ამის გამო ძალიან შეშფოთებული იყო და შიშობდა, რომ ბერძნები არჩევნებში „ექსტრემისტულ პარტიას“ დაუჭერდნენ მხარს. თავად მერკელთან შეხვედრის შესახებ ოლანდმა განაცხადა, რომ ეს „სუფთა შოუ“ იყო, ხოლო შინაარსობრივი თვალსაზრისით მხარეებმა ვერაფერს მიაღწიეს. მან ასევე მოაწყო საიდუმლო შეხვედრა გერმანიის მაშინდელი ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთან ზიგმარ გაბრიელთან. 

ოთხშაბათს, დილით, ოლანდმა სასწრაფოდ მოიწვია ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომა, დღისით ის პარლამენტის მთელ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას აპირებს, ხოლო საღამოს საფრაგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი ჯეინ ჰარტლია გამოძახებული.

 „საფრანგეთი, რომელმაც უკვე გააძლიერა კონტროლის და უსაფრთხეობის მექანიზმები, ვერანაირ ქმედებას ვერ მოითმენს, რომელიც საფრთხეს უქმნის მისი ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებასა და დაცვას“, — აღნიშნულია უშიშროების საბჭოს შედეგების მიხედვით გამოქვეყნებულ ელისეის სასახლის განცხადებაში.

არც მეგობრები და არც მოკავშირეები?

მმართველი „სოციალისტური პარტიის“ განცხადებით, სოციალისტები აშშ-ის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო გაოგნებული არიან, რაც მოკავშირე ქვეყნების მთავრობების სისტემატურ თვალთვალს გულისხმობს.

 „როგორ შეუძლია ქვეყანას, რომელიც პირად თავისუფლებებს ყველაფერზე მაღლა აყენებს, ის ფეხებით გათელოს? როგორ შეუძლია აშშ-ს, რომელსაც ნატოს ფარგლებში ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებებზე თავდაცვის შესახებ, პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელობის მოსმენა გადაწყვიტოს“, — აღნიშნულია სოციალისტური პარტიის განცხადებაში.

ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ აშშ პარიზის არც მეგობარია, არც მოკავშირე, ხოლო 2009 წელს საფრანგეთის ნატოს ყველა სტრუქტურაში დაბრუნებას „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა, „რომელიც უნდა გამოსწორდეს“. პოლიტიკოსის განცხადებით, საფრანგეთის მმართველი საზოგადოების მოსმენა ამერიკელი სპეცსამსახურების მხრიდან ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს და უშიშროებას პირდაპირ უქმნის საფრთხეს.

 „აშშ — ეს ჰეგემონია, რომელიც მზადაა, ყველაფერზე წავიდეს ჩვენს ქვეყანაზე თავისი ზეგავლენის გასაძლიერებლად… იყო პერიოდები ისტორიაში, როცა საფრანგეთი ჩვენს თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობასა და ღირსებაზე ასეთი მძიმე ხელყოფის წინააღმდეგ გამოდიოდა. ამ საქმემ ჩვენში კვლავ ეროვნული ინტერესები უნდა გააღვიძოს“, — განაცხადა ლე პენმა. 

აღარც ის, აღარც ეს

ზოგიერთი ფაქტი ფრანგებისთვის უკვე ცნობილი იყო: თვალთვალის თემა პირველად 2013 წელს განიხილებოდა. გარდა ამისა, ეს პრობლემა 2014 წელს ოლანდის აშშ-ში ვიზიტის დროსაც წამოიჭრა. მაშინ ამერიკელებმა პირობა დადეს, რომ თვალთვალს შეწყვეტდნენ.

„ამერიკის ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვას“, —ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკეში.

ქვეყნის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან ლე ფოლმა განაცხადა, რომ აშშ-ში ვალდებულებების დასადასტურებლად უახლოეს მომავალში საფრანგეთის დაზვერვის ეროვნული კოორდინატორი დიდიე ლე ბრე გაემგზავრება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თეთრ სახლში ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამჟამად ამერიკული დაზვერვა არ უსმენს საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურის მოლაპარაკებებს. „ჩვენ მიზნებში არ შედის და არც მომავალში შევა პრეზიდენტ ოლანდის მოლაპარაკებებით დაინტერესება“, — განაცხადა მან. 

 


ყველა ახალი ამბავი
0