თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. უკვე მეექვსე დღეა, რაც ერევანში ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მაგრამ მომიტინგეთა მოთხოვნები ჯერაც არ დაკმაყოფილებულა. ქვეყნის ხელისუფლება, მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულნი არიან, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
სახალხო მღელვარების მიზეზად 1 აგვისტოდან ელექტროენერგიაზე ტარიფის 16%-ზე მეტით გაძვირება იქცა. ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელმა კომისიამ 17 ივნისს მიიღო, ორი დღის შემდეგ კი, 19 ივნისს ხალხი ქუჩაში გამოვიდა. შემდეგ პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, ადამიანები, მათ შორის, ჟურნალისტებიც მასობრივად დააპატიმრეს და მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ საერთაშორისო საზოგადოებაც შეაშფოთა.
ამასთან, გაიყო ექსპერტთა მოსაზრებებიც: ერთი ნაწილი ამაში უკრაინული „ევრომაიდნის“ გამეორებას ხედავს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეში ჩაწყნარდება.
დასვენების დღეები: მჯდომარე ფაზა
დასვენების დღეებში რამდენიმე ასეული ადამიანი სამდღიან მჯდომარე აქციას მართავდა. ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა მანამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ აიცილონ შეტაკება და ამიტომ დემონსტრანტებთან ახსნა-განმარტებით მუშაობას ეწევიანო. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქცია უკანონო იყო და „უკანონობა მუდმივად ვერ გაგრძელდება“.
პროტესტის დასაწყისში სიტუაციის დალაგება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებმაც – წმინდა ეჩმიაძინის მუზეუმებისა და არქივის დირექტორმა, მღვდელმსახურმა ასოღიკ კარაპეტიანმა და წმინდა ეჩმიაძინის საეკლესიო და კონცეპტუალური საკითხების დირექტორმა, ეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმაც სცადეს. ისინი გაესაუბრნენ როგორც პოლიციელებს, ისე დემონსტრანტებს, მაგრამ აქციის აქტივისტები ვერ დაიყოლიეს პოლიციის წარმომადგენლების შეთავაზებაზე პრეზიდენტთან სასაუბროდ სპეციალური ჯგუფის შექმნის თაობაზე.
იმავდროულად, პოლიციამ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლება აქვს. სამართალდამცავებს პრეტენზია იმის გამო ჰქონდათ, რომ დემონსტრანტები ღამის 11 საათის შემდეგ ხმაურითა და სკანდირებით კანონს არღვევდნენ.
კვირის დასაწყისი: პრეზიდენტამდე მისვლის მცდელობა
ორშაბათს, საღამოს დემონსტრანტები სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ, მაგრამ ისინი პოლიციამ რეზიდენციის სიახლოვეს, მარშალ ბაგრამიანის გამზირზე თავშივე შეაჩერა. ოპლიციამ კორდონი მოაწყო და მასში წყლის ჭავლის სპეცტექნიკა გაატარა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან ასიოდე მეტრში განალაგეს. თავად საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც გაითვალისწინეს პოლიციის მოთხოვნა ხმაურის შეწყვეტის თაობაზე, ჩუმად ისხდნენ მარშალ ბაგრამიანის ჩაბნელებულ პროსპექტზე – ღამის განათება გამორთული იყო.
სამშაბათს, გამთენიისას პოლიციელებმა დაარბიეს დემონსტრანტები, რომელთაც გამზირი გადაკეტილი ჰქონდათ. დაახლოებით 240 ადამიანი პოლიციის უბნებში გადაიყვანეს. სამართალდამცავების მონაცემებით, სამედიცინო პუნქტებს შვიდმა ადამიანმა მიმართა, ხოლო სამი საავადმყოფოში განათავსეს. დაშავდა 11 პოლიციელიც. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის სამედიცინო დაწესებულებებს 25 ადამიანმა მიმართა, რომელთაც მიტინგის დარბევისას ტრავმები ჰქონდათ მიღებული.
ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ ჟურნალისტებიც. პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში მიიყვანეს ტელეკომპანია „გალას“, რადიო „თავისუფლების“, გაზეთ „აიკაკან ჟამანაკის“, ინტერნეტ–გამოცემა Hetq.am, News.am და Panarmenian.net-ის ჟურნალისტები.
ადამიანთა დაკავებები გააპროტესტა სომხეთის ნაციონალური კონგრესის ოპოზიციურმა ფრაქციამ, რომელმაც პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.
სამშაბათს, დღისით ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ საქმე „ხულიგნობისა და საზოგადეობრივი წესრიგის დარღვევის“ მუხლით აღძრა, რაც დაახლოებით 100 აშშ დოლარის ფულად ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე წინასწარი განხილვისთვის საგამოძიებო კომიტეტს გადაეგზავნა, სადაც ოცკაციანი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.
სიტუაცია მწვავდება
სამშაბათს, საღამოს განახლებული აქციის მონაწილეები კვლავ აპირებდნენ სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციამდე მიღწევას, მაგრამ რეზიდენციამდე არმისულებმა გზიდან გადაუხვიეს. რაღაც დროის შემდეგ, რამდენიმე ათასი დემონსტრანტისგან შემდგარმა კოლონამ სვლა განაგრძო. ამასთან, ოსიპიანის თქმით, რომელიც რესპუბლიკის პოლიციის შეფის, ვლადიმირ გასპარიანის ინფორმაციას ეყრდნობოდა, პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მზად იყო მიეღო 3-4 დემონსტრანტისგან შემდგარი ჯგუფი, მაგრამ აქციის მონაწილეებმა ამაზე უარი განაცხადეს.
წინადადებამ პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე რამდენჯერმე გაიჟღერა, რის შედეგადაც ოთხშაბათს, ღამით საკოორდინაციო ჯგუფმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში მარეგულირებელი კომისიის ტარიფების გაზრდაზე გადაწყვეტილების გაუქმებულად გამოცხადებას სთავაზობს.
ამის შემდეგ სამართალდამცავებმა აქციის სიახლოვეს დამატებით ძალებს მოუყარეს თავი. პოლიციელები ხელკეტებითა და ალუმინის ფარებით იყვნენ შეიარაღებულნი. ამ დროს დემონსტრანტებს რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი შეემატათ. ამასობაში, როგორც ადგილობრივი ტელევიზია აცხადებდა, პროტესტი სომხეთის სხვა ქალაქებსაც გადაედო. სამშაბათს საპროტესტო აქციები გაიმართა გიუმრისა და ვანაძორშიც.
ოთხშაბათს, დილით ერევნის აქცია გაგრძელდა. სომხეთის პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ უნან პოღოსიანმა მომიტინგეებს ბაგრამიანის გამზირიდან თავისუფლების მოედანზე გადასვლა შესთავაზა, რაზეც დემონსტრანტებმა უარი განაცხადეს.
საერთაშორისო რეაქცია
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ყურადღებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე მოვლენებს და იმედი აქვს, რომ სიტუაცია კანონის შესაბამისად, უახლოეს ვადებში დარეგულირდება.
ევროკავშირის დელეგაციამ სომხეთში, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მომიტინგეთა მიმართ „არაპროპორციული ძალის“ გამოყენების გამო შეშფოთება იყო გამოთქმული.
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის, დუნია მიატოვიჩის აზრით, ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს ნებისმიერ პირობებში. მან მოუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტების დაკავების ფაქტები და გადადგან ნაბიჯები, რომელიც გარანტირებულად შეაკავებს სამართალდამცავ ორგანოებს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ქმედებისგან.
სომხეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ დაწვრილებით გამოიძიებს ყველა ინციდენტს, ხოლო პოლიციის უფროსმა გასპარიანმა ბოდიში მოუხადა ჟურნალისტებს აქციის დაშლის დროს მათ მიმართ გამოყენებული ძალადობის გამო.
ექსპერტთა მოსაზრებები გაიყო
ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი იგორ მოროზოვი მიიჩნევს, რომ სომხეთში ახლა მიმდინარე მოვლენები „ერთი ერთში“ იმეორებს უკრაინიაში სახელმწიფო გადატრიალების პირველ ფაზას. „მაშინ უკრაინულმა ოპოზიციამ ასევე უარი თქვა პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შეხვედრაზე და ევროპულ საზოგადოებაზე აპელირება დაიწყო. მომიტინგეების წინაშე ასევე გამოდიოდნენ სიტყვით ევროპიდან ჩამოსული პოლიტიკოსები“, – იხსენებს სენატორი.
ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩოვი სომხურ არეულობაში ასევე ჭვრეტს „ფერადი რევოლუციის“ ნიშნებს. „ჯერჯერობით სიტუაცია ვითარდება როგორც სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობით უკმაყომფილო ადამიანების კონფლიქტი… მაგრამ არ ღირს თავის მოტყუება, ყველა ფერადი რევოლუცია სწორედ ამ სცენარით ვითარდებოდა. სომხეთიც არაა დაზღვეული ასეთი გზისგან“, – თქვა მან.
ამასთან კოსაჩოვმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკაში ასობით უცხოური არაკომერციული ორგანიზაცია მოღვაწეობს, რომლებიც მოსახლეობის აზრს ქვეყნის განვითარებისთვის დასავლური გზის არჩევის სასარგებლოდ აყალიბებს. „და მე არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოო ჯამში ამ მოვლენების უკანაც აღმოჩნდეს უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და ხელი“, – დაამატა მან.
ამის პარალელურად, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის პრობლემებისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ვადიმ მუხანოვის აზრით, ეს პროტესტი ჩაქრება, როცა ოფიციალური პირები მანიფესტანტებთან ლაპარაკს დაიწყებენ. „თუ სომხეთის ხელისუფლება კომპრომისის ნებასა და საკუთარ მოქალაქეებთან დალაპარაკების სურვილს გამოავლენს, პროტესტი ჩაცხრება, მით უმეტეს, რომ მიზეზი არც ისე კრიტიკულია“, – უთხრა მუხანოვმა „რია ნოვოსტის“.
მისი თქმით, ახლანდელი პროტესტი – „ეს ნორმალური რეაქციაა. ადამიანებს ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვა სურთ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დაბალხელფასიანი ადამიანებისთვის“.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის შემსწავლელი ცენტრის ექსპერტი ანდრეი არეშევი კი ამ მიტინგებში სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს არ ხედავს.
„არ მგონია, რომ სომხეთში ახლა რაღაც გადატრიალებაზე ან ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე მიდიოდეს საუბარი. თუმცა ობიექტური სოციალურ-ეკონომიკური უკმაყოფილების სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით გამოყენება – ეს გარემოთამაშეების ნაცნობი ხელწერაა არა მარტო სომხეთში, არამედ რიგ სხვა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც“, – თქვა არეშევმა.
არეშევს მიაჩნია, რომ სომხეთის ხელისუფლება მთლიანობაში აკონტროლებს სიტუაციას და მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტთა შორის შესაძლოა ათასგვარი ადამიანი იყოს, „ქვეყანაში ესმით, რომ კონფლიქტის უკრაინული სცენარით განვითარება არსებულ პირობებში უკიდურესად უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს“.
„სომხეთში ყოველთვის… გამოგვდიოდა რაღაც კომპრომისების მოძებნა. ვფიქრობ, ახლაც გამოგვივა… აქ მთავარი ისაა, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას ადამიანებთან ლაპარაკი და იმავდროულად წინასწარ განზრახული პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების აღკვეთა. ასევე საჭიროა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, თუ რადიკალურად არა, ნაწილობრივ გაუმჯობესება მაინც“, – დაასკვნა არეშევმა.