სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა 200 მლნ. ლარით მცირდება

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონში და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, შეიცვალა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ნაცვლად 5%-ისა 2%-ის ოდენობით განისაზღვრა.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik.  2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტით, საგადასახადო შემოსავლების გეგმა 200 მლნ ლარით მცირდება, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები. კერძოდ, დონორებთან გაწეული მოლაპარაკებების შედეგად, საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 184,0 მლნ ლარით, სულ დამატებით ბიუჯეტში 224,0 მლნ ლარი შევა.

 ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია 2 ძირითადი მიზეზით: რეგიონში და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, შეიცვალა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ნაცვლად 5%-ისა განისაზღვრა 2%-ის ოდენობით; გარდა ამისა,  2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ, აუცილებელია დამატებითი თანხების მოძიება. 

ცვლილებების თანახმად, მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრებით, დამატებით მობილიზებული იქნება 150,0 მლნ ლარი;  სხვა შემოსავლები გაიზრდება 20,0 მლნ ლარით;  სახაზინო ვალდებულებების აღება მცირდება 100,0 მლნ ლარით; ასევე, საბიუჯეტო დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით, კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი რესურსი მცირდება 67,0 მლნ ლარით;

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები, არსებულ გეგმასთან შედარებით გაიზრდება დაახლოებით 27,0 მლნ ლარით.

 რაც შეეხება გადასახდელების ნაწილს, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვილებები, გულისხმობს მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების შემცირებას 140 მლნ ლარამდე, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში სამინისტროების ასიგნებები მცირდება დაახლოებით 70 მლნ ლარით, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში ასევე 70 მლნ ლარამდე.

 ცვლილებების მიხედვით, დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში მცირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები.

 სოციალურ ხარჯებს კორექტირება არ ეხება.

 მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გამოთავისუფლებული რესურსი — 85 მილიონი ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში მიემართება, რათა მოხდეს გამოთავისუფლებული რესურსით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. 

 ასევე 53 მილიონი ლარით იზრდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები.

 ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში უცვლელი რჩება.  

 ამასთან, იმის გათვალისწინებით რომ შემოსულობები იქნება 27,0 მლნ ლარით მეტი, აღნიშნული თანხა დამატებით დაგროვდება ბიუჯეტის ანგარიშზე და 300,0 მლნ ლარის ნაცვლად 327,0 მლნ ლარი დაგროვდება.

 საქართველოს მთავრობამ ოთხშაბათს, 24 ივნისს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო კორექტირებული ვარიანტი დაამტკიცა.


ყველა ახალი ამბავი
0