თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ტელეკომპანია „რუსთავი-2“ —ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებაზე მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ჯუღელმა, რომელიც განიხილავს თავდაცვის სამინისტროს ექს-ჩინოვნიკთა საქმეს, მომავალი სხდომის წინ გარკვეული მითითებები მიიღო.
ტელეარხ “რუსთავი-2“-ზე გადაცემა „არჩევანის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, სამშაბათს, „დაუზუსტებელ“ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე შეხვდა მოსამართლე დავით ჯუღელს და უთხრა, რომ თავდაცვის სამინისტროს ექს-ჩინოვნიკთა საქმე „სახელმწიფო მნიშვნელობისაა“ ამიტომ მან „შესაბამისი გადაწყვეტილება“ უნდა მიიღოს. ამასთან გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, ჯუღელმა ამერიკისა და იტალიის საელჩოებს პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით მიმართა.
ეგრეთ წოდებული „კაბელების“ საქმე მიმდინარე სასამართლო დავაა, სამართალწარმოება არ დასრულებულა…უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი განცხადება შესაძლოა აღქმული იქნეს სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად, რაც დააზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს“ —ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ ოთხსაბათს, 24 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
მორიგი წინასასამართლო სხდომა 26 ივნისსაა დანიშნული.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირები 2015 წლის 19 ივნისს განთავისუფლდნენ წინასწარი პატიმრობიდან პარლამენტის დეპუტატთა თავდებით. ისინი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს სამინისტროს ტენდერის ფალსიფიკაციისა და სახელმწიფო თანხების — 4 მილიონ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, საკომუნიკაციო კომპანია Silknet-ის სასარგებლოდ. თბილისის სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა 30 ოქტომბერს შეუფარდა.
„კაბელების“ საქმეზე დაკავებულები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.