თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას აპირებს, ამის შესახებ ოთხშაბათს, 24 ივნისს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა შვიდ თვეში ეწურება. ის საქართველოს ეროვნულ ბანკს სათავეში 2009 წლიდან უდგას.
„კონსულტაციები გაიმართება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს-ასოციაციებთან, საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან, საქართველოს პარლამენტთან, ეკონომიკურიპროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან“, — განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, პროცესი ღია იქნება.
კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს.