თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა პირადი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე თითქმის 20% –ით შემცირდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სფეროში მიღწევების შეჯამებისას ოთხშბათს, 24 ივნისს
მისი განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით, დაახლოებით 3,2 მლნ ადამიანი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, ხოლო 530 ათასი — კერძო ან კორპორაციული დაზღვევით სარგებლობს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ წელიწადში თითქმის 20%–ით შემცირდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა პირადი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე. ციფრები და გაკეთებული საქმეები მიუთითებენ ჩვენს წარმატებაზე. 2010 წელთან შედარებით, 2014 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა უფრო ხშირად აკითხავს ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს და შემცირებულია თვითმკურნალობის ხარჯები; განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობენ სამედიცინო მომსახურებაზე თანხების უქონლობის გამო, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მსოფლიო ბანკს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ მიერ მომზადებული ერთობლივი დასკვნა ჯანდაცვის სფეროში „ხელისუფლების სწორი პოლიტიკის დასტურია“.
მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განსაკუთრებულ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.