თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წყალდიდობის დროს ვერტმფრენების გამოყენების შემთხვევაში რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. მანამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განმარტა, რომ თბილისის წყალდიდობის დროს რამდენიმე წლის წინ შეძენილი ფრანგული მრავალმიზნობრივი ვერტმფრენების „სუპერ პუმას“ გამოყენება სამაშველო ოპერაციებში სახიფათო იყო. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ვერტმფრენების ექსპლუატაცია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„როგორც ირკვევა, თბილისის წყალდიდობის დროს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი, თუმცა ვერტმფრენების არქონის გამო ისინი ამაოდ ელოდნენ შველას. ივანიშვილის (ექს–პრემიერი) ბრძანებით, საქართველოს მთავრობამ დაამიწა უახლესი ევროკოპტერები, რომლებიც პრეზიდენტ სარკოზის მხარდაჭერით საქართველოს შეღავათიანი კრედიტით გადმოეცა“, – წერს სააკაშვილის საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.
მისი სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილმა რუსული წარმოების ვერტმფრენების გამოყენება ბრძანა, თუმცა „მათ ევროკოპტერისგან განსხვავებით, არც ღამის ხედვის დანადგარი უყენიათ და არც ასეთ ხეობაში შეუძლიათ ოპერირება“.
მიუხედავად ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ივანიშვილი დღემდე კულისებიდან მართავს.
14 ივნისის ღამით თბილისში მომხდარ სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.