თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სამშაბათს, 23 ივნისს, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ, მთავრობის სხდომაზე წარდგენილი მართლმსაჯულების რეფორმის ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.
მართლმსაჯულების რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის ბოლოს დაიწყო. მუშაობის პროცესში ჩართულნი იყვნენ სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და სხვა დაინტერესებული წრეების წარმომადგენლები. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციებისა და მოსაზრებების დიდი ნაწილი გაზიარებულ იქნა საბოლოო რედაქციაში.
„ცვლილებები მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის უფრო მყარ გარანტიებს ითვალისწინებს“- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მოსამართლეები თავად აირჩევენ სასამართლოს თავმჯდომარეებს; სასამართლოთა თავმჯდომარეები ვალდებული იქნებიან, პირადად განიხილონ საქმეები; ყველა სასამართლოში სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი გაუქმდება (გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა);
კანონპროექტის თანახმად, ასევე შეიცვლება მოსამართლეებს შორის საქმეების გადანაწილების წესი.
მოსამართლეებს საქმეები ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვით დაეწერებათ, „რაც მთლიანად გამორიცხავს საქმეების განაწილებისას კორუფციის რისკს“ — აღნიშნულია განცხადებაში.
სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება. ეს უფლება ენიჭება დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს (გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა).
„სიახლე უფრო მეტად უზრუნველყოფს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლებას. დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში განხორციელებული ქმედებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს კოლეგიური ორგანო − იუსტიციის უმაღლესი საბჭო“ — ნათქვამია განცხადებაში.
კანონით ასევე განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა. დღესდღეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა კანონით არ არის დარეგულირებული და ამას განსაზღვრავს პლენუმი.