არჩილ ჭყოიძე დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებს

© photo: Sputnikარჩილ ჭყოიძე
არჩილ ჭყოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაჟორიტარი დეპუტატების ადგილები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა, ხოლო თინათინ ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა კოალიცია ”საქართველოს ევრაზიული არჩევანის” ლიდერი არჩილ ჭყოიძე საგარეჯოში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის კანდადატად წამოაყენა. არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ამის შესახებ სამშაბათს, 23 ივნისს რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

შუალედური საპარლამენტო არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის რაიონებში გაიმართება. მაჟორიტარი დეპუტატების ადგილები ვაკანტური მას შემდეგ დარჩა, რაც ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა, ხოლო თინათინ ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

”აქ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საინიციატივო ჯგუფის სახით შეიკრიბა. ჩვენ კოალიცია ”ევრაზიული არჩევანის” ლიდერის კანდიდატურას საგარეჯოს შუალედურ არჩევნებზე ვაყენებთ, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. მიგვაჩნია, რომ არჩილ ჭყოიძე არის პიროვნება, რომელიც უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან გააჟღერებს იმ მოთხოვნებს, რომლებზეც ყოველთვის ლაპარაკობდა, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა, რომ სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს”, — განაცხადა ”ერეკლე მეორის საზოგადოების” ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა მამუკა ზანდუკელმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ერთიანობის” წევრის ლევან ღვინიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა ქვეყანასთან და განსაკუთრებით რუსეთთან თანასწორი და კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა ჰქონდეს.

”ჩვენ რუსეთს სხვების ინტერესების გათვალისწინებით არ უნდა ველაპარაკოთ, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, რომ პარლამენტში რაც უფრო მეტი ადამიანი იფიქრებს ასე, უკეთესი იქნება; ადამიანები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს პარლამენტში დაიცავენ. საქართველოს, როგორც პატარა სახელმწიფოს, თავისი ინტერესების ხმამაღლა გამოთქმის უფლება აქვს და ამისთვის ჩვენ კარგი დამცველი გვჭირდება”, — განაცხადა ღვინიაშვილმა.

”ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარის მირიან რთველიაშვილის თქმით, ჭყოიძე რაიონის მოსახლეობისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატურაა.

”დღევანდელმა რეალობამ აჩვენა, რომ საქართველოსთვის რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აუცილებელია. ეს მნიშვნელოვანია როგორც ქართველი გლეხებისთვის, ისე ინტელიგენციისთვის. მიგვაჩნია, რომ ის ქართულ-რუსული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს წამოაყენებს”, — განაცხადა რთველიაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0