თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პლანეტის ბრუნვის ტემპის შენელებამ, რაც პოლუსების გადაწევითაა გამოწვეული, შესაძლოა, კლიმატური პირობები შეცვალოს, განაცხადა ეკოლოგმა ტელმან ზეინალოვმა სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანთან" საუბრისას.
დედამიწა შედარებით ნელა ბრუნავს. ამასთან დაკავშირებით, 1 ივლისის ღამით დედამიწის ყველა მცხოვრებმა საკუთარ საათებს ერთი წამი უნდა დაამატონ. ამგვარად, 30 ივნისს დღე-ღამე ჩვეულებრივზე 1 წამით ხანგრძლივი იქნება.
„დამატებითი წამი არანაირად არ აისახება პლანეტის ბინადრების ჩვეულ ყოფაზე“, – აღნიშნა ზეინალოვმა.
მისი თქმით, დედამიწის ბრუნვის შენელება ნაკიანი წამების გამოყენების აუცილებლობას გაზრდის.
„დროთა განმავლობაში დღე-ღამეზე წამის დამატების შემთხვევები გახშირდება. საათების ისრების აჩქარება დაახლოებით 31წამ/საუკუნეს შეადგენს“, – თქვა ეკოლოგმა.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტი აბდულ ფაშაევი აღნიშნავს, რომ კოორდინაციის დამატებითმა წამმა, შესაძლოა, ზოგიერთი ინტერნეტ-სერვერის „დაკიდება“ გამოიწვიოს. მისი თქმით, ამ დროს სერვერთან კავშირი სრულად გაწყდება და პროცესორი ანომალურად დაიტვირთება.
2012 წელს სწორედ დამატებითი წამი გახდა ტექნიკური პრობლემების მიზეზი. მაშინ გაითიშა წამყვანი ინტერნეტ-რესურსები, მათ შორის, Google.
კომპიუტერებში საათები ქსელური პროტოკოლის გავლით სინქრონიზდება მსოფლიო კოორდინირებულ დროსთან. შეფერხებები იმის გამო ხდება, რომ კომპიუტერულმა სისტემებმა ქსელური პროტოკოლით მიწოდებული ინფორმაცია დამატებითი წამის თაობაზე შესაძლოა სხვადასხვაგვარად დაამუშაონ. მიიჩნევა, რომ შეფერხებები ყველაზე ხშირად Java, UNIX-სისტემებსა და MySQL-ს პროგრამებში ხდება.
ნაკიანი წამი, რომელიც ასევე ცნობილია კოორდინაციის წამის სახელწოდებით, რამდენიმე წელიწადში ერთხელ გამოიყენება დედამიწის არათანაბარი ბრუნვის გამო. ასეთი წამი მსოფლიო კოორდინირებულ დროს პირველად 1972 წელს დაემატა.
მას შემდეგ ნაკიანი წამები პრაქტიკულად ყოველწლიურად გამოიყენებოდა. გამონაკლისი იყო: 1980, 1984, 1986, 1988, 1991, 1996, 1999-2004, 2006-2007, 2009-2011, 2013-2014 წლები.
დამატებითი წამის გაუქმების საკითხს წელს, ნოემბერში განიხილავენ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც რადიოკავშირის საკითხებს მიეძღვნება.