თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩემპიონი გორის „დილა“ მეორე შესარჩევ რაუნდში, უეფას ჩემპიონთა ლიგაში, სერბეთის „პარტიზანს“ შეხვდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე შესარჩევი რაუნდების კენჭისყრის შემდეგ, რომელიც უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.
უჩა სოსიაშვილის გუნდი პირველ გასვლით მატჩს 14 ან 15 ივლისს გამართავს. საპასუხო მატჩი 21 ან 22 ივლისს გაიმართება. გორის „დილა“ პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში.
მოგვიანებით უეფას ევროპის ლიგის პირველი შესარჩევი რაუნდის კენჭისყრა შედგა, რომელშიც საქართველო სამი კლუბითაა წარმოდგენილი. თბილისის „დინამოს“ მოწინააღმდეგე აზერაბაიჯანული კლუბი „გაბალა“ გახდა. ბათუმის „დინამო“ კვიპროსის „ომონიას“ შეხვდება, „ცხინვალი“ კი რუმინულ „ბოტოშანის“.
პირველი თამაშები 2 ივლისს გაიმართება, საპასუხო — ერთი კვირის შემდეგ. „დინამოს“ ორივე კლუბი სასტარტო შეხვედრებს შინ გამართავს, „ცხინვალი“ კი გასვლით თამაშს ჩაატარებს.
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე შესარჩევი რაუნდის კენჭისყრა 17 ივლისს გაიმართება.