თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა. ის უფლებადამცველი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, იუწყება ორშაბათს, 22 ივნისს პროკურატურის პრეს-სამსახური.
”განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პირდაპირ უკავშირდებოდა იური ვაზაგაშვილის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ”, — აღნიშნულია განცხადებაში.
სოსანაშვილს ბრალი უკვე მეორედ დაუმძიმდა. ის 7 თებერვალს შემდეგი ბრალდებებით დააკავეს: საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით) და განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას (109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 თებერვალს სოსანაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით, 17 აპრილს, სოსანაშვილის წინააღმდეგ ბრალდებას დაემატა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა (109-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” პუნქტი).
ამჯერად ბრალდება 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ვ” პუნქტით დამძიმდა, რაც ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან.
სამოქალაქო მოძრაობა ”გადაარჩინე სიცოცხლეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში თავისი შვილის — ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.
მოძრაობა ”გადაარჩინე სიცოცხლეს” მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც გააკონტროლებდა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებას, დაზარალებულთა უფლებების დაცვას და სამართლიანობის აღდგენას ყველა სფეროში.