პატრიარქი კირილი: ომს აახლოებს და აჩერებს გული

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიპატრიარქი კირილი
პატრიარქი კირილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიძულვილისა და უსიყვარულობის სამყაროში ომების შეწყვეტა შეუძლებელია, დარწმუნებულია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი. რაც უფრო სუფთა იქნება გულები, მით ახლოა მშვიდობა, ამბობს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ომის მოახლოება ან შეწყვეტა დამოკიდებულია არა იარაღზე, არამედ ადამიანის გულის მდგომარეობაზე და „რაც უფრო ძლიერად ესწრაფვიან ადამიანები სამოთხეს, მით ნაკლებ დაემსგავსება დედამიწა ჯოჯოხეთს“, განაცხადა სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, როდესაც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობის პერსპექტივებზე, პლანეტაზე შეიარაღებული კონფლიქტების ესკალაციასა და მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე საუბრობდა. 

„უკიდურესი საშუალება, რომელიც აჩერებს ომს ან პირიქით, აახლოებს კატასტროფას, არის არა ბირთვული ან სხვა სახის იარაღი, არამედ, პირველ რიგში, ადამიანის გულის მდგომარეობა. სწორედ აქედან იწყება ბოროტება, რომელიც  სამყაროს  მასობრივ ტანჯვად ეფრქვევა ხოლმე თავზე. უფლის შეწევნითა და ჩვენი ნებით, აქ იბადება სიკეთე, რომელიც სიყვარულით უცვლის სახეს გარემომცველ სინამდვილეს“, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა. 

მისი თქმით, „სიძულვილისა და უსიყვარულობის სამყაროში ომების შეწყვეტა შეუძლებელია“. „ეკლესია სწორედ კონკრეტული ადამიანის გულში სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისთვის ლოცულობს. სწორედ ეს არის მისი უმთავრესი ველი ღმერთისა და ადამიანების მსახურებაში. რაც უფრო სუფთაა ჩვენი გულები, რაც უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი, მით უფრო იოლად განვახორციელებთ შესაძლო (პოლიტიკის) ხელოვნებას და მით ახლოს იქნება მშვიდობის ის პერსპექტივა, რაზეც თქვენ მეკითხებით“, – დარწმუნებულია რუსული ეკლესიის წინამძღოლი. 

პატრიარქი არ ჩაღრმავებია პოლიტიკოსებისა და დიპლომატების პასუხისმგებლობის საკითხს უკრაინის კრიზისთან, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბულობასთან, ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დევნასა და „ისლამური სახელმწიფოს“ აგრესიასთან დაკავშირებით. მან ფილოსოფ ვლადიმირ სოლოვიოვის შეხედულება შეგვახსენა: სახელმწიფო მოწოდებულია არა იმისთვის, რომ მიწიერი ცხოვრება სამოთხედ გვიქციოს, არამედ იმისთვის, რომ ჯოჯოხეთად არ გვიქციოს იგი. „ეკლესიის ამოცანაა, ადამიანების გულებმა "მომავალი საუკუნის სამოთხისეული  ცხოვრება" ეძებონ. რაც უფრო ძლიერად ესწრაფვიან ადამიანები სამოთხეს, მით ნაკლებ დაემსგავსება დედამიწა ჯოჯოხეთს“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0