თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი ყოველდღიურად თითქმის 43 ათასი კაცით იზრდება. ასეთი „გამაოგნებელი“ ზრდა სირიაში, ერაყში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ნიგერიასა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებმა გომოიწვიეს, — აღნიშნულია გაეროს გენერალური მდივნის ლტოლვილთა დღისადმი მიძღვნილ გზავნილში. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
„2014 წლის ბოლოსათვის, მთელს მსოფლიოში 59,5 მილიონი კაცი — რეკორდული რაოდენობა, იძულებით გადაადგილდა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 122–ე ადამიანი დღეს ლტოლვილია, იძულებით გადაადგილებულია ან ეძებს თავშესაფარს“, — ნათქვამია გზავნილში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წლის ყოველ დღეს 42,5 ათასი კაცი ხდებოდა დევნილი. „ეს მაჩვენებელი ბოლო 4 წლის განმავლობაში ოთხჯერ გაიზარდა. ამასთან ბევრი გრძელვადიანი კონფლიქტი დაურეგულირებელი რჩებოდა და გასულ წელს ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, ყველაზე დაბალი იყო იმ დევნილთა რაოდენობრივი მაჩვენებელი, ვინც საკუთარ სახლებში დაბრუნება მოახერხა", – ნათქვამია გზავნილში.
ამასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ქვეყნების მთავრობებსა და საზოგადოებას მოუწოდა „მიუძღვნან საკუთარი თავი მათ დაცვასა და თავშესაფრით უზრუნველყოფას, ვინც კონფლიქტებისა და დევნის შედეგად ყველაფერი დაკარგა“.