ხელისუფლების მხრიდან სტიქიაზე რეაქციას ღარიბაშვილი ადექვატურად მიიჩნევს

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლებას გამოცდილება არ ჰქონდა, როგორ გამკლავებოდა დროულად კრიზისს. თბილისში ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის სტიქია არ მომხდარა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 14 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქციას ადექვატურად მიიჩნევს.

 „ხელისუფლებას გამოცდილება არ ჰქონდა, როგორ გამკლავებოდა დროულად კრიზისს. თბილისში ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის სტიქია არ მომხდარა და პირადად ჩემთვის ეს შოკი იყო. ვფიქრობ, ჩვენ კარგად და ადექვატურად გავართვით თავი ამ გამოწვევას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა წყალიდობის დროს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობის შეჯამებისას

 „ჩვენთვის ყველაზე მთავარია, გადავწყვიტოთ, რას ვუპირებთ იმ გზას, რომელიც დაზიანდა. გრძლევადიან პერსპექტივაში უნდა დავსახოთ გეგმები. მოგვიწევს მთელი ხეობის გადაგეგმარება. მნიშვნელოვანია სპეციალისტების აზრი. ახლა მთავარია გამჭირვალობა და ყველას ჩართულობა. უცხოელი ექსპერტები არიან ჩართულები. კიდევ მოვიწვევთ ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებს, რომ რაიმე შეცდომა კვლავ არ გაგვეპაროს. ამ პრობლემის გადაჭრა ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო, ასე რომ ჩვენ ვართ ვალდებულნი ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ და მომავალ თაობას არ დავუტოვოთ", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 მისივე განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა შეტყობინების სისტემის დამონტაჟება, რაზეც გარემოს დაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს.

 „ასევე დავიწყებთ ნალექის მზომი მოწყობილობის დამონტაჟებას. თბილისის მერიას უკვე დაწყებული აქვს მოსახლეობის განსახლებაზე მუშაობა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და აქედან გამოვიდეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს", – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხვალიდან შემაჯამებელი ბრიფინგები აღარ გაიმართება, მიმდინარე სამუშაობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას საგანგებო შტაბის პრეს–სამსახური მიაწვდის. ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს მინდია ჯანელიძეს მოუწოდა, ორშაბათამდე წარმოადგინოს დარჩენილი სამუშაოების დასრულების ვადები.

მთავრობის საგანგებო შტაბი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 14 ივნისის ღამეს შეიქმნა, როცა კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ თბილისის ქუჩები დატბორა.

ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ 14 ივნისის ღამეს დატბორა თბილისის ზოოპარკი, საიდანაც ცხოველები გაიქცნენ, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, პარკი „მზიური“, საცხოვრებელი სახლები და გზები. დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები და  ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა და 300 —ზე მეტი ადამიანი ჭერის გარეშე დარჩა.


ყველა ახალი ამბავი
0