გომელაური: წყალდიდობის შედეგად დანგრეული გზა შესაძლოა აღდგეს

© photo: Sputnikგზების რემონტი თბილისში
გზების რემონტი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებათაშორისი კომისია თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალდიდობის შემდეგ მდინარე ვერეს ხეობაში შექმნილი სიტუაციის შესწავლის მიზნით შეიქმნა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik.  ზოოპარკის მიმდებარე, წყალდიდობის დროს დანგრეული ავტომაგისტრალი, რომლის ქვეშაც მდინარე ვერე  გადის, შესაძლოა დროებით აღდგეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 19 ივნისს, უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ აცნობა.  

 უწყებათაშორისი კომისია თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალდიდობის შემდეგ მდინარე ვერეს ხეობაში შექმნილი სიტუაციის შესწავლის მიზნით შეიქმნა. კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან მსოფლიოში ცნობილი უცხოელი და ქართველი სპეციალისტები: გეოლოგები, არქეოლოგ-ურბანისტები, გეოკონსტრუქტორები, და სხვები. 

 „შეიკრიბა კომისია, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ეს გზა დროებით აღდგება, თუ არ აღდგება და დაიწყება ახალი გზის მშენებლობა,“ განაცხადა გომელაურმა. 

  ახალი გზის (ვაკე-საბურთალოს გზა) პროექტის ავტორის თამაზ შილაკაძის განცხადებით, დაზიანებული მონაკვეთი დროებით უნდა აღდგეს.

 „უნდა იყოს დროებითი გზა, მაგრამ შემდგომში, პერსპექტივაში, უკეთესი გზა უნდა მოიძებნოს, კარგი კონსტრუქციით. მაგრამ დღეს, როდესაც ქალაქი გადატვირთულია და საცობებითაა სავსე, დაზიანებული გზის მონაკვეთები უნდა აღდგეს,“ —განაცხადა შილაკაძემ. 

 ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ 14 ივნისის ღამეს დატბორა თბილისის ზოოპარკი, საიდანაც ცხოველები გაიქცნენ, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, პარკი „მზიური“, საცხოვრებელი სახლები და გზები. ბოლო მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა და 457 — ჭერის გარეშე დარჩა.


ყველა ახალი ამბავი
0