თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა პარასკევს, 19 ივნისს, ბრატისლავაში, ქართულ-სლოვაკური ბიზნეს-ფორუმი გახსნა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება.
სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროსა და სლოვაკეთის საინვესტიციო და სავაჭრო განვითარების სააგენტო „SARIO”-ს ორგანიზებით გამართული ფორუმის მიზანია, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება, ასევე ქართული და სლოვაკური კომპანიებისათვის ახალი, ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება.
„დარწმუნებული ვარ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა ბიზნესი, ურთიერთსასარგებლო ორმხირვი პროექტების განხორციელება და ეკონომიკის განვითარება,“ — განაცხადა მარგველაშვილმა ფორუმზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობაზე და იმ პოტენციალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, განსაკუთრებით ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
ქართულ-სლოვაკურ ბიზნეს ფორუმს ორი ქვეყნის ბიზნესწარმომადგენლები ესწრებიან. საქართველოს ბიზნეს დელეგაცია წარმოდგენილია ოცდაათამდე კომპანიით, მათ შორის არიან სოფლის მეურნეობის, კვების, სამშენებლო, და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ფორუმის დასრულების შემდეგ სლოვაკურ მხარესთან ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ.