თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს უსამართლობაზე, განაცხადა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან თავდებით გაათავისუფლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარასკევს, 19 ივნისს დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირები წინასწარი პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლა. მანამდე თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მთავარი პროკურატურა გამოდიოდა, თუმცა ის გირაოს სახით თითოეულ მათგანზე 10 ათასი ლარს (დაახლოებით 4.4 ათასი აშშ დოლარი) ითხოვდა.
„ამ შემთხვევაში სასამართლომ დაამარცხა ის უზნეო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა. მინდა, მივულოცო პირველ რიგში გათავისუფლებულების ოჯახებს, შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის სამინისტროს. ვიცი, ყველა ამ დღეს და ამ წამს როგორ ელოდებოდა, რომ გაემარჯვა და ეზეიმა სამართალს. ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა საზოგადოებას, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ მართლები", – განაცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, ოპოზიცია ირწმუნება, რომ ის კულისებიდან განაგრძობს ქვეყნის მართვას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში.
თავდაცვის სამინისტროში გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს: შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური, გენერალური შტაბის კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამმართველოს მეთაური დავით წიფურია, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს ყოფილი ხელმძღვანელი გიზო ღლონტი.